პარლამენტმა ე. წ. მთის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
9 ივნისი 2020დღეს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების შედეგად, რომლის ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ჩვენი ქვეყნის კიდევ 58 დასახლებას, რის საფუძველზეც, დაახლოებით, 26 ათას ადამიანს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის მდებარეობს 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.
„ასევე, შეიცვალა 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, განისაზღვრა ექვსთვიანი პერიოდი. სულ ასეთია 95 დასახლება. მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა. შეგახსენებთ, რომ კანონში ცვლილებების მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის - ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს.
ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,795 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 272 ათასზე მეტი მოქალაქე.
უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები.